„მახინჯ სხეულში მახინჯი სულია“?
გიორგი ყაჯრიშვილი

XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე ტექნიკური პროგრესის სხვადასხვა მიღწევებმა, ალქიმიკოსთა მცდელობების მოზღვავებამ რიგ მეცნიერს ასე ვთქვათ, ზეადამიანის შექმნის იდეები ჩაუსახა. სურვილი და ცდუნება ხელოვნური გზით შეექმნათ აზროვნებით და ინტელექტით, ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით სრულყოფილი პიროვნება დიდი იყო. და ჩნდება პირველი მხატვრული ნაწარმოებები და ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ამ იდეებს ფრთებს ასხამდა. ეს ჩარევა ხდებოდა ორი მიმართულებით - სულიერებაში: იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“, შარლ გუნოს ოპერა “ფაუსტი“ - ეშმაკთან გარიგებით (მოგვიანებით იგივე თემა წამოიჭრება თომას მანის „დოქტორ ფაუსტოსში“ და კლაუს მანის „მეფისტოში“ - აქ მთავარი გმირი ფაშისტებს გაურიგდება ამ სიუჟეტზე აგებული იშტვან საბოს ფილმში „მესტიფოფელი“) და ფიზიკურ - ბიოლოგიურ ჩარევაში: კინორეჟისორ რობერტ ვინეს „ექიმი კალიარის კაბინეტი“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გერმანულ ექსპრესიონისტულ კინოს, სომერსის „მუმია“, ინგლისელი მწერლის მერი შელის „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“ და მათი პერსონაჟები პირველ ასეთ „ქმნილებებს“ წარმოადგენენ.
მერი შელი თვის ნაწარმოებისთვის პირველწყაროდ იმ ლეგენდას იყენებს, რომელიც სადღაც მოისმინა და მისი ფურცლებზე გადატანა უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენდა და ფანტასტიკისა და მისტიკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად გვევლინება. ეს ნაწარმოებები ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან - ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანის „გარდაქმნაში“ ხელოვნური გზით ჩარევის თვალსაზრისით, თუმცა მთლიანობაში მაინც ძალიან განსხვავდებიან: გოეთეს „ფაუსტის“ - მეფისტოფელის, რობერტ ვინეს მონსტრის და მერი შელის ქმნილების „შექმნის“ იდეები სხვადასხვა მიზნებს ემსახურებოდა, რამაც შემდგომ ახალი და ახალი ინტერპრეტაციების განხორციელების გახადა შესაძლებელი - მაგალითად კრისტოფერ მარლოს „დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია“, ფიოდორ დოსტოევსტის „ეშმაკნი“, მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, სტიუარდ ბიტის ფილმი „მე, ფრანკენშტაინი“, ლაშა ბუღაძის პიესა „ნუგზარი და მეფისტოფელი“ და სხვები.
ვერ ვიტყოდი, რომ რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის ბოლო დროის დადგმები რაიმე კანონზომიერებას ემორჩილებათო, მაგრამ ბოლო დროის ანა ნაკაშიძის „ანას მომენტს“, დავით კლდიაშვილის „მსხვერპლს“ და მერი შელის „ფრანკენშტაინს“ მაინც აქვთ რაღაც საერთო - თუნდაც თხრობის სიმძიმე ან ტრაგიკული ფინალი. ყველა მათგანს დღევანდელობის კვალი ატყვია. ხშირად ვამბობთ ხოლმე „დროა ასეთი“ და მართლაც კატაკლიზმებით, დრამატიზმით, ურთიერთდაპირისპირების რაც მთავარია სიყვარულისა და პატივისცემის დაკარგვის დროში რომ ვიმყოფებით სრულიად ცხადია. და თეატრი, რომელიც „სარკეა“ (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე) ცდილობს უპასუხოს მას.
უკვე საკმაო დრო გავიდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის პირველი სპექტაკლებიდან და ამ ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა თეატრების სცენაზე გვთავაზობდა სრულიად განსხვავებულ წარმოდგენებს, რაც საფუძველს გვაძლევს ვისაუბროთ უკვე ჩამოყალიბებულ საკუთარ ხელწერაზე (თუნდაც ის რომ მაგიდასთან მუშაობის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ძირითადი მუშაობა მაინც სცენაზე მიმდინარეობს) და პროფესიონალიზმზე.
ორი თეატრის - ფოთის ვალერია გუნიას სახელობის და ზუგდიდის შალვა დადიანის სამხატვრო ხელმძღვანელები სხვა თეატრალურ კოლექტივებთან ქმნიან სპექტაკლებს: ზუგდიდის გიორგი კაშია ოზურგეთში, ხოლო ფოთის - საბა ასლამაზიშვილი ზუგდიდში. ამ ორი რეჟისორის გზები ხან იკვეთება (სულ ცოტა ხნის წინ ორივემ დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მსხვერპლის“ ინსცენირება განახორციელეს) და ხან სცილდება - ამჟამად გიორგი კაშია ოზურგეთში ევრიპიდეს პიესაზე „იფიგენია ავლისში“ მუშაობს ამ თეატრის და ზუგდიდის მსახიობებთან ერთად. რეგიონის თეატრებში კოოპროდუქციის შექმნამ „ახალი სიცოცხლე“ შეიძინა და ოზურგეთის თეატრის მსგავსად სულ მალე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრთან ერთად ვიხილავთ ვატო ჯუღელისა და ვახტანგ ნიკოლავას ერთობლივ სპექტაკლს ვალერი ოთხოზორიას „აჯანყებულ ვაგონს“. რეგიონის თეატრები თავისი აქტიურობით კვლავ აშკარად უსწრებენ დედაქალაქის თეატრებს.
ზუგდიდელთა სპექტაკლი უკუნეთ ღამეში კონსტანტინე ეჯიბაშვილის შთამბეჭდავი და მძაფრი ამბების მომასწავებელი მუსიკის თანხლებით ვიქტორ ფრანკენშტაინის „ქმნილების“ დაბადებით იწყება. გამჭვირვალე აკვარიუმიდან გადმოსული (გიგა აბულაძე) ერთი შეხედვით ღმერთის მიერ შექმნილ ადამს ემსგავსება, თუმცა ულამაზესი ადამისგან განსხვავებით ფრანკენშტაინის „პროდუქტი“ საოცარ სიმახინჯეს წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, მისი მასალა ხომ გვამია, მიცვალებული, რომლის გაცოცხლების იდეაც დიდი ხანია აწუხებდა ვიქტორ ფრანკენშტაინს: „რაკი შევძელი მკვდარი მატერიის გაცოცხლება...მაშინ ასევე შევძლებ მეორე სიცოცხლე ვაჩუქო ადამიანებს“ - იტყვის იგი და მის მიერ შექმნილი არსება სულაც არაა ისეთი მონსტრი (ყოველ შემთხვევაში დასაწყისში), როგორიც მაგალითად ექიმი კალიარის.
დეკორაცია (მხატვარი გიორგი უსტიაშვილი) მისტიკისა და „ჰორორის“ ჟანრშია შესრულებული. მხოლოდ შავი კედლები, შავი სვეტები, შემაღლებული ადგილი, სადაც დროდადრო მიცვალებულთა გვამებს ათავსებენ, რომელთა მოპოვებაშიც მას მსახიობები ირაკლი სამუშია და კობა მატკავა, ძონძებში გამოწყობილნი მათხოვრები რომელთა მოსყიდვა ასე ადვილია, რამდენიმე ზემოდან ჩამოშვებული განათება, რაც მართლაც ქმნის გარემოს იმ საშინელებებისთვის, რასაც გზადაგზა მონსტრი ჩაიდენს. ქმნილება ჩვენს წინ ეცნობა თავის სხეულს აღნაგობას, არკვევს რისთვისაა საჭირო ფეხი და ხელი, სწავლობს სიარულს და ლაპარაკის, უსმენს გარშემომყოფთ, იმეორებს იმ ბგერებს რომელიც ესმის - მის მიერ ნასწავლი პირველის სიტყვა „მახინჯია“. მოგვიანებით კითხვასაც შეძლებს და ფრანკენშტაინის ჩანაწერებს აღმოაჩენს, სადაც მისი შექმნის ბიოგრაფიაც კია.
მიუხედავად იმისა, რომ ქმნილება შემხვედრებში უსაზღვრო შიშს იწვევს, იგი მაინც ცდილობს კეთილი ურთიერთობის დამყარებასადა მათთან დაახლოებას. ვიქტორ ფრანკენშტაინი (ნოდარ მელაძე) მისი დანახვით შეშინებული და აღშფოთებული იმით თუ რა ჩაიდინა მიატოვებს მას, მარტო ტოვებს იმ სამყაროში, რომელიც თავისი „პირმშოსთვის“ სრულიად უცნობია. ეს ის პირველი „ღალატია“, რასაც საკუთარ თავზე გამოცდის „ქმნილება“. სიკეთის კეთებით აღვსილი, სიყვარულს მონდომებული, „ევასთან“ შეხვედრის სურვილით გამსჭვალული მახინჯი „ადამი“ მის გარშემო არსებულ საზოგადოებაში სისასტიკეს ბოროტებასა და შურისძიებას ეჯახება. მისი მიერ სიკეთის ჩადენის პირველი მცდელობა მეძავის ქალის (მზეკო ჩარგაზია) გადარჩენისთვის, რომელზეც ქუჩზე ძალადობენ პირველი შეურაცჰყოფითა თავდება. იგი მხოლოდ ბრმა მოხუცთან (მერაბ კაკალია) დროებით თუ შეძლებს ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცი ვერ ხედავს მას. მისი ილუზია დაუახლოვდეს ამ ოჯახს სულ მალე ინგრევა, ამ ოჯახის მკვიდრთა (შვილი - ლევან გოგოხია და რძალი სალომე ბუღაძე) მიერ სახლიდან გამოგდებული შურს იძიებს მათზე. და ეს მომენტი ხდება გარდამტეხი მის ახალ ცხოვრებაში.
აქ რეჟისორი უფრო ამძიმებს მოვლენებს - რომანის მიხედვით ქმნილება სახლს წვავს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ცარიელი დახვდება, რადგან მისგან შეშინებული ოჯახი გადაწყვეტს იქედან გადასახლებას. სპექტაკლში კი „ქმნილება“ უკვე მონსტრად ქცეული მთელ ოჯახს ცეცხლში ამობუგავს. თანდათან ფრანკენშტაინის ქმნილება ხვდება, რომ მისგან სიკეთის კეთების სურვილის არავის სჯერა, იგი სატანად და შურისმაძიებლად გარდაიქმნება. მერი შელის თეზა, რომ მახინჯ სხეულში შეიძლება კეთილი სულიც არსებობდეს თანდათან აზრს კარგავს და თავის იჩენს მეორე ფილოსოფიური სენტენცია: ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია, მაგრამ ბოროტად მას აქცევს გარემო და ის ხალხი, რომელიც გარს ახვევია.
გიგა აბულაძის ქმნილება თანდათან თანაგრძნობას იწვევს, მიუხედავად განცდილი უბედურებისა, სამყაროში თვითდამკვიდრებისთვის ხეტიალით გადაღლილი და მრავალჯერ დასჯილი სპექტაკლის ბოლოსკენ მაინც სიყვარულზე და იმ ადამიანის შეხვედრაზე ოცნებობს, რომელიც გაუგებს მას და სამუდამო გვერდით ეყოლება. თუ ერთ-ერთ პირველ სცენებში, რაზეც ზემო აღვნიშნეთ, რეჟისორმა დაამძიმა წარმოდგენა ოჯახის ცეცხლში დაწვით, ფინალისკენ იგი კვლავ გადაუხვევს რომანის დასასრულს და ქმნილება თავს კია არ დაწვავს, არამედ ცოცხალი რჩება სიყვარულის მოლოდინში.
ვიქტორ ფრანკენშტაინი ვერ გამოდგა თანამედროვე პრომეთედ, უფრო მეტიც - მის ქმნილებისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სიყვარულისკენ ილტვოდა, და მისი ეს საქციელი საკუთარი თავის გადარჩენას ემსახურებოდა, თვით ფრანკენშტაინი გადაიქცა ნამდვილ მონსტრად, არაფრად ჩააგდო მამის (ზურაბ ლაშხია) ზრუნვა და მცდელობები სწორ გზაზე დაეყენებინა და საკუთარი ოჯახიც კი - საცოლე ელიზაბეტი (ელენე ქურთიშვილი) „ქმნილებას“ მიუძღვნა და სასიკვდილოთ გასწირა.