მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს
ლაშა ჩხარტიშვილი

ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატულმა თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. ამჯერად, ზუგდიდის თეატრის მსახიობებს საშუალება მიეცათ ემუშავათ საბა ასლამაზიშვილთან, გასცნობოდნენ მას, რომელმაც აქტუალური პრობლემებზე სასაუბროდ მერი შელის „ფრანკენშტაინის“ სცენური ადაპტაცია შეარჩია. თარგმანი პროფესიით მსახიობ სანდრო კახათელიძეს ეკუთვნის, რომელიც კარგად იცნობს სათეატრო სპეციფიკას. რომანის ადაპტირება სცენისთვის თავისთავად სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეკრანიზაციაც, თუმცა სცენაზე ერთ სივრცესა და კონკრეტულ დროში ამბის თხრობა მასში შემავალი მიკრო სიუჟეტებით, ბევრ სირთულეს უქმნის რეჟისორს და მსახიობებისთვისაც დაკისრებული ამოცანა ორმაგად რთული შესასრულებელია. ამ პრობლემებმა ზუგდიდის თეატრის სპექტაკლშიც იჩინა თავი.
მერი შელის „ფრანკენშტაინი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გოთიკური რომანია, რომელიც მეცნიერების მორალური პასუხისმგებლობის თემას ეხება, გაეგოისტებულ და ფანატიკოსს მეცნიერებს, რომლებმაც თავიანთი ცოდნის გაღრმავების ხარჯზე შესაძლოა სამყაროს გამოუსწორებელი საფრთხე შეუქმნას. დღეს, როცა ტექნოლოგიური სიახლეები სწრაფად ვითარდება და ამავე ტემპით ჩვენს ცხოვრებაშიც იჭრება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ მეცნიერებს, რომლებიც ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, რობოტებს, მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით. ყოველი ახალი გამოგონება მრავალჯერ უნდა იყოს გადახედილი, შესწავლილი და გათვლილი მის სისტემაში გაშვებამდე. მეცნიერება ვითარდება, ის ადამიანის სამსახურშია, თუმცა რამდენადაა გათვლილი ყველა რისკი და შესაძლო შედეგი? სწორედ ამაზე დაგვაფიქრებს საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი, რომელიც ფენტეზის, ფანტასმაგორიისა და ჰორორის ჟანრში, ფაქტობრივად წინასწარ გვაფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებისთვის.
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში „ფრანკენშტაინი“ (ტექნიკური რეჟისორი ნონა როგავა) რამდენიმე ძირითადი თემაა წინა პლანზე წამოწეული: მეცნიერება და მისი პასუხისმგებლობა, კაცობრიობის მარადიული ბუნება, განმარტოება და იზოლაცია. ფრანკენშტაინი (ნოდარ მელაძე) თავისი ცოდნის უსაზღვროდ გაფართოებაზე ფიქრობს, მაგრამ დაგროვილი ცოდნით მის მიერ შექმნილი ქმნილებების ჩადენილ ქმედებებზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. მონსტრი ქმნილება (გიგა აბულაძე) სიყვარულს და მიმღებლობას ვერ იღებს მისთვის უცხო საზოგადოებისგან (ერთი გამონაკლისის გარდა), ამიტომაც მტრულ დამოკიდებულებას ეჩეხება. ფრანკენშტაინი და მონსტრი ქმნილება, როგორც ორი პოლუსი სულიერ არსებათა კატეგორიაში, მარტოსულები არიან და მათი ბედი ტრაგიკულია ამ სამყაროში.
საბა ასლამაზიშვილი ბოლო პერიოდში თავის გუნდთან ერთად მუშაობს. ამჯერადაც მან ზუგდიდში სამუშაოდ სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი და კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი მიიწვია. „ფრანკენშტაინში“ მუსიკა ფაქტობრივად ატმოსფეროს შექმნის კომპონენტია, სამყაროსი, სადაც სიცივე, ბრუტალურობა და მუქი ფერები ჭარბობს. მკვეთრად გამოხატული მუსიკალური თემები ამ დადგმაში ნაკლებად გვხვდება, თუ არ ჩავთვლით საკვანძო დრამატულ ეპიზოდებს. ატმოსფეროს და სამყაროს შექმნაში რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფიაც თამაშობს. სამყარო მხატვარმა ნაცრისფერ და შავ ფერში გადაწყვიტა, თბილი ტონები მხოლოდ კოსტიუმებში გვხდება, რომელიც პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთას უწყობს ხელს. სცენოგრაფიის მუქი ტონები გარემოს ცივად და მკაცრად აქცევს. გიორგი უსტიაშვილის აბსტრაქტული დეკორაცია, რომელიც მაქსიმალურად შორდება ყოველგვარ ყოფითობას, ფუნქციურად დატვირთულია და მრავალმიზნობრივი, სცენაზე სოფიტებიდან დაშვებულია შავი კოლონები, რომელიც ტყესაც მოგაგონებთ, ქუჩასაც და ოთახსაც.
სპექტაკლი ფრანკენშტაინის მორიგი ექსპერიმენტის შედეგით იწყება. შუშის უზარმაზარ კოლბაში უცნაური არსება გაცოცხლებას იწყებს, რომლის შეჩერება მის შემქმნელს არ შეუძლია ან არ სურს. პირველივე ეპიზოდიდან იკვეთება ნოდარ მელაძის ფრანკენშტაინის უპასუხისმგებლობა.
საბა ასლამაზიშვილი ხშირად მიმართავს ირიბ ინტერაქტივს, რაც გულისხმობს გარკვეული ეპიზოდების პარტერში გათამაშებას, რათა მაყურებელმა მაქსიმალურად იგრძნოს, რომ ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, მისი ნაწილი ვართ, რომ ეს მოვლენები ჩვენს გარშემო და ჩვენი მონაწილეობით ხდება და არა, ჩვენგან შორს, ამაღლებულ სიბრტყეზე.
სპექტაკლის ცენტრში მონსტრი ქმნილება დგას და მის გარშემო ხდება მოვლენები სპექტაკლში, ან შესაძლოა გიგა აბულაძე თავისი შესრულების ხარჯზე აქცევს მის პერსონაჟს სპექტაკლის მთავარ გმირად, რადგან მსახიობი ახერხებს არა მხოლოდ გრიმით, არამედ ზუსტად შერჩეული მოძრაობით, მეტყველების მანერით და პერსონაჟის ხასიათის გააზრებით გვიჩვენოს ერთის მხრივ მონსტრი, რომელსაც თავისი ქმედებებისთვის აქვს ლოგიკური ახსნა და მეორე მხრივ გვიჩვენებს სიყვარულის მაძიებელს. პერსონაჟის მეტამორფოზა მკვეთრია და თვალშისაცემი. გიგა აბულაძე ახერხებს გვაჩვენოს პერსონაჟი უკიდურესი მონსტრიდან უკეთილშობილეს არსებამდე და პირიქით, რადგან ამ სამყაროში მან კეთილშობილება ვერ იპოვა, ან იპოვა და ის მოუკლეს. ამიტომაცაა გიგა აბულაძის მიერ განსახიერებული გმირის ცხოვრება წინააღმდეგობებით აღსავსე და ამ პროცესს მსახიობი საინტერესოდ გვიჩვენებს. მონსტრს, მიუხედავად იმისა, რომ სურს იცხოვროს ადამიანივით, უყვარდეს და უყვარდეთ, საზოგადოების მიუღებლობის გამო, ჰყავს არაერთი უდანაშაულო მსხვერპლი. მაგალითად, ბრმა მოხუცი, რომელსაც მერაბ კაკალია ძალზე საინტერესოდ ასრულებს. მსახიობი ქმნის პერსონაჟს, რომელიც ფიზიკურმა სიბრმავემ კი არ გააბოროტა, არამედ ის უფრო მიმღებლური და კეთილშობილი გახადა, შესაძლოა, რომ არა მისი სიბრმავე, ისიც სხვა ადამიანების მსგავსად მოიქცეოდა. საინტერესო მხატვრულ სახეებს ქმნიან სალომე ბუღაძე (რძალი) და ლევან გოგოხია (ბრმა კაცის შვილი). ისინი წარმოგვიდგენენ შეყვარებულ წყვილს, რომელთაც უხარიათ ცხოვრება და იციან მისი გემოც და ფასიც, ისინი კეთილი ადამიანები არიან და დიდი სიყვარულით ექცევიან ბრმა მოხუცს. ბუნებრივია, მათ უჭირთ მიიღონ ურჩხული, რადგან არ იციან რისი ჩამდენია ის, ამიტომაც ისინი ამ მოცემულობას მსხვერპლად ეწირებიან. ისინი არ არიან მონსტრი ქმნილების მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლები - სპექტაკლის დასაწყისში გაცოცხლებულ მოხეტიალე საშიშ არსებას ქუჩაში მეძავი გადაეყრება. ამ როლს მზეკო ჩარგაზია ასრულებს, რომელიც ერთ ეპიზოდში ახერხებს მეძავის ტიპაჟის დახატვას, ძლიერი ქალის განსახიერებას, რომელსაც არაამქვეყნიურ ურჩხულთან გამკლავება შეუძლია. ის თავს იცავს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში. თავდაცვის რესურსი კი ამოწურვადია. მონსტრის მსხვერპლია ასევე უილიამი (ნოდიკო ბერულავა). პატარა მსახიობი დაკისრებულ ამოცანას ზუსტად ასრულებს, მისი ფაქტურა დადებითად განგაწყობს მის მიმართ, აკეთებს ზუსტ შეფასებებს, თუმცა ვფიქრობ, მასთან სამუშაო გასაგრძელებელია ინტონაციების დამუშავების თვალსაზრისით. დასამახსოვრებელ და სახასიათო ტიპაჟებს ქმნიან ირაკლი სამუშია და კობა მატკავა. ისინი მათხოვრებს განასახიერებენ. ადამიანებს, დაბალი სოციალური ფენიდან, რომლებიც ამ სოციუმის ხასიათს, ინტელექტს, მსოფლმხედველობას გამოხატავენ. ირაკლი სამუშიასა და კობა მატკავას მიერ შექმნილი ტიპაჟები ხარბი, უინტერესო ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან, მათთვის საფრთხეს და საზრუნავს წარმოადგენს თითოეული მომდევნო დღე, ამიტომაც მათი აზროვნება ვიწროა და ყოფით პრობლემებზე ორიენტირებული. ეპიზოდური როლი აქვს სპექტაკლში ზურაბ ლაშხიას (ფრანკენშტაინის მამას), რომელიც მცირე პერიოდში ახერხებს შექმნას დარბაისელი, ინტელიგენტი, ღირსეული მამის მხატვრული სახე. ზურაბ ლაშხიას მამა ტრაგიკული პერსონაა, რომელიც ცდილობს ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს და იპოვოს ხელჩასაჭიდი იმედისთვის, რომელიც მას ცხოვრებაში დარჩა. არანაკლებ საინტერესო პერსონაჟია ელიზაბეტი, ფრანკენშტაინის საცოლე, რომელსაც ელენე ქურთიშვილი ასრულებს. ვფიქრობ, მას და ნოდარ მელაძეს დარჩენილი აქვთ სამუშაო პერსონაჟების ხასიათების უფრო მკვეთრად და ზუსტად გამოსაკვეთად. ნოდარ მელაძე ფრანკენშტაინის როლის განსახიერებას თავიდანვე იწყებს მძაფრად დრამატული ტონით, რომელიც სპექტაკლის ბოლომდე შენარჩუნებულია და არ იცვლება, უფრო მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში (განსაკუთრებით, სპექტაკლის მეორე ნაწილში) მსახიობს აქვს პათეტიკური მომენტები, რაც აკარგვინებს მსახიობს ბუნებრიობას და ვუყურებთ აქტიორის შესრულებას და არა პერსონაჟს, რომელიც ცოცხლობს/ცხოვრობს სცენაზე. ვფიქრობ, რეჟისორს დააკლდა დრო მსახიობებთან უკეთ სამუშაოდ, გარკვეულ სცენებს აკლია დამუშავება, რის გამოც იკარგება მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი და სიუჟეტის განვითარება. აღნიშნული პრობლემა ლიტერატურული პირველწყაროს სასცენო ადაპტაციითაც არის განპირობებული.
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი, ერთი მხრივ, ეხმიანება გლობალურ აქტუალურ საკითხებს, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს ლოკალურ მწვავე პრობლემებზე. საზოგადოებაზე, რომელიც დაცლილია სიყვარულისგან და ორიენტირებულია კარიერაზე. ფრანკენშტაინი ნათელი მაგალითია იმათი, ვინც კარიერას აყენებს სიყვარულზე წინ, ვინც ეგოისტია და მისი ეგოს დაკმაყოფილებას ეწირება უამრავი ადამიანი მის გარშემო. სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ადამიანებზეც, ვისაც უნდა ადაპტირდეს საზოგადოებასთან, მაგრამ მისი განსხვავებულობის გამო, საზოგადოება მათ არ იღებს, სწორედ ამის გამო ხდება ადამიანი მოძალადე და მონსტრი. იქნებ მიმოვიხედოთ ირგვლივ და ვცადოთ გამოვნახოთ საერთო იმათთანაც კი, ვინც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. ესეც გარკვეული პასუხისმგებლობაა და ის ყველას მართებს. მეტი სიყვარული და მიმღებლობა კი სამაყროს გადაარჩენს.